გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

კომიტეტის სხდომა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, მსოფლიოში აქტიურად ვითარდება ნახშირწყალბადების ალტერნატიული ნედლეულის - ბუნებრივი წყალბადის მოპოვება და გამოყენება. მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირება არ არსებობს, რაც ხელს უშლის ინვესტორებს საქართველოში დანერგონ და განახორციელონ ინვესტიციები ბუნებრივი წყალბადის მოპოვების კუთხით. ცვლილებების მიზანია, შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა ბუნებრივი წყალბადის მოპოვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ცვლილებების თანახმად, კანონით დადგენილი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ინვესტორს მიენიჭება უფლება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან ერთად განახორციელოს ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციები“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

გარდა ამისა, ცვლილებებით, ცალკე განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლებების მინიჭების პროცედურული საკითხები იმ სალიცენზიო ფართობზე, რომელზეც არცერთ ინვესტორს არა აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლება.