საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
1742204550
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
მომხსენებელმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სხდომაზე სააგენტოს მისიასა და მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააგენტოს მთავარი ამოცანაა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება.
ავთანდილ კასრაძემ იმ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც სააგენტო ახალგაზრდებს სთავაზობს. მისი თქმით, დღეს ტექნოპარკი საქართველოს 9 ქალაქში ფუნქციონირებს.
როგორ სხდომაზე აღინიშნა, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობაში საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება.
ქუთაისში ასევე იგეგმება ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმის გახსნა.
„ამიერკავკასიაში ეს იქნება პირველი და ერთადერთი დიდი მასშტაბის ინტერაქციაზე დაფუძნებული მუზეუმი, რომელიც აერთიანებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ძირითად პრინციპებს“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე თქმით, ქუთაისში დაგეგმილია კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „TUMO“-ს გახსნა.
სხდომაზე სააგენტოს დაფინანსებით განხორციელებული წარმატებული სტარტაპები წარადგინეს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება.
„შენობა, რომელიც უფუნქციოდ იყო დატოვებული, დიდ სიცოცხლეს შეიძენს. აღსანიშნავია ის, რომ ეს ყველაფერი უშუალოდ მომავალი თაობის განვითარებასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.