ფეხბურთელებში ვიღაცას შეიძლება ცოტა ნეგატიური განწყობა ჰქონდეს ხელისუფლების მიმართ, ვიღაცას - პოზიტიური. უკვე 2-3 წელია, ამ ხალხის გამოყენებას ცდილობს ოპოზიცია. ჩვენ სპეციალურად არ შევდივართ ამ თემაში - მდინარაძე

mamuka mdinaraZe

ფეხბურთელებში ვიღაცას შეიძლება ცოტა ნეგატიური განწყობა ჰქონდეს ხელისუფლების მიმართ, ვიღაცას - პოზიტიური, ვიღაცას ძალიან პოზიტიური. უკვე 2-3 წელია, ამ ხალხის გამოყენებას ცდილობს ოპოზიცია. ჩვენ სპეციალურად არ შევდივართ ამ თემაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირების გამო ქართველი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიების შეფასებისას.

„აჟიტირებულნი იყვნენ ქოჩორაშვილის განცხადებით. რაც არ უნდა ქნას, მას თავისი ფუნქცია აქვს, თავისი საქმე აქვს და არ მინდა, რომ ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის რაიმე პოზიციით, წაკბენითაც კი გავუკრიტიკოთ ეს პოზიცია. არ გვინდა, ამ თემებს შევეხოთ, არასდროს არ გავაკრიტიკებ. ფეხბურთიდან თუ წავა პოლიტიკაში, შეიძლება გავაკრიტიკოთ და რასაც ვიფიქრებთ, იმას ვიტყვით. მაგრამ ახლა არაფრით არ გავაკრიტიკებ იმიტომ, რომ ის ბიჭი ჩვენი ქვეყნისთვის ისე გმირულად იბრძვის იქ, სადაც უნდა იბრძოლოს, რაც არ უნდა თქვას და როგორი პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს, არასდროს გავაკრიტიკებ, გამორიცხულია. ისინი [ოპოზიცია}, ოდნავ რაღაც საჩვენო თუ ვინმეს წამოსცდა, კი არ აკრიტიკებენ, პირადში სწერენ ასეულობით მესიჯს, აბულინგებენ, რაც შეუძლიათ და ამაზრზენი, ფაშისტური მეთოდებით იბრძვიან. ფაშიზმი მეტი არაფერია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტრენდების გამო ოჯახის წევრებმა ერთმანეთის საჯაროდ უარყოფა დაიწყეს.

„ამასობაში რა შეეწყა ფაშიზმს - და ამბობს ძმაზე, ბოდიშს გიხდით მის მაგივრადო. „პავლიკ მოროზოვობა“ სხვა კი არაფერია - დედას, მამას, დას, ძმას უარყოფენ პოლიტიკური ტრენდის გამო. ოჯახში იკამათე, რაზეც გინდა, ერთს ჰგონია, რომ ჩელიაბინსკშია და მეორეს ჰგონია, რომ თბილისშია. ამ წარმოსახვით მოცემულობაში ეს ხალხი აბულინგებს იქიდან აქეთ ვიღაცებს. ეს არ უნდა დავუშვათ.

თუ გადაიზარდა ეს ყველაფერ ადევნებაში - სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი - ადევნება. თუ ისე დააბულინგა ერთმა ადამიანმა მეორე, რომ მან შეიცვალა ქცევის წესი, ფეისბუქი საერთოდ წაშალა, გუშინ სხვანაირად ფიქრობდა, დღეს სხვანაირად დაიწყო ფიქრი, საცხოვრებელი შეიცვალა და შიშმა გამოიწვია ეს ყველაფერი, ეს ადევნების კლასიკური მაგალითი და ესეც ყველამ უნდა იცოდეს. მაგრამ სხვა შემთხვევაში, კამათის დროს აბულინგებენ ერთმანეთს, შეიძლება, ჩვენი მომხრეებიც აკეთებენ ამას. სხვათა შორის, ეს არ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის ქცევის მანერა, თუმცა, ასეთებიც შეიძლება, იყოს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.