ფართოვდება საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალი, სრულად განახლდა ავტოპარკი და აღჭურვილობა - გომელაური

ვახტანგ გომელაური

აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმა. ფართოვდება საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალი, სრულად განახლდა ავტოპარკი და აღჭურვილობა. საპატრულო პოლიციის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, გრძელდება ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრომ არაერთი რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილებამ უკვე დაიწყო ფუნქციონირება და ანალიტიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში, ახორციელებენ ავტოსაგზაო შემთხვევების მონიტორინგს და ანალიზს.

„საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევებზე. პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, გრძელდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი მოდულის დანერგვის პროცესი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტის მოთხოვნებს. გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად აქტიურად ხდება ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ახლად შექმნილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება სრულად დაკომპლექტდა და დაიწყო ფუნქციონირება. გადამზადდნენ ტერიტორიული ორგანოების ანალიტიკოსები, რომლებიც კომპლექსურად, ყოველდღიურ რეჟიმში, ახორციელებენ ავტოსაგზაო შემთხვევების მონიტორინგს და ანალიზს. მათ მიერ განხორციელდა ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზი, რის საფუძველზეც იდენტიფიცირებული იქნა ე.წ. შავი წერტილები და გზის პრობლემური მონაკვეთები, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეფორმების შედეგად ესპანეთის სამეფომ, საბერძნეთის რესპუბლიკამ და ირლანდიამ საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმობები აღიარეს.

„ნიშანდობლივია ისიც, რომ მომსახურების სააგენტომ გააგრძელა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩატარებას. აღნიშნული რეფორმის განხორციელების შედეგად ესპანეთის სამეფომ, საბერძნეთის რესპუბლიკამ და ირლანდიამ საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმობები აღიარეს. გრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.