1745005362
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უსამართლო რეზოლუციებით ითელება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ინსტიტუცია - "ეუთო", რომელმაც, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არჩეულად და ლეგიტიმურად მიიჩნია - გიორგი კახიანი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა.
დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც PACE-მ საქართველოს, ბოლო დრო დაკავებული პირების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი სვამს კითხვას, რატომ მოდის წინააღმდეგობაში PACE-ს რეზოლუცია "ეუთო-ოდირის" დასკვნასთან.
"ის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ, არანაირად არ შეიცვლება და ვერანაირი უსამართლო რეზოლუცია ამას ვერ შეცვლის. ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, ახალი არჩევნების ჩატარება - არ არსებობს ამის მიზეზი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვახსოვს "ეუთო", რომელიც არის არჩევნებთან მიმართებაში ერთ-ერთი კომპეტენტური ევროპული ორგანიზაცია, არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, უწოდა კონკურენტული. ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არჩეულად და ლეგიტიმურად მიიჩნია.
ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ინსტიტუციის გადათელვა ხდება, ისეთის, როგორიც არის "ეუთო", -განაცხადა გიორგი კახიანმა.