ევროსაბჭოს დელეგაციის პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია

ევროსაბჭოს დელეგაციის პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა დიდ შეცდომად მიმაჩნია. ევროსაბჭო ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. სამწუხაროა, რომ „ოცნებას“ პროპაგანდის საშუალება მისცეს. ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ევროსაბჭოს მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია.

„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.

ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს.
მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.
სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია“, – წერს ელენე ხოშტარია.

ამასთან, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ 18 დეკემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნით იყენებს, მათ სურთ, შეცდომაში შეიყვანონ მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში მათ ლეგიტიმურობას აღიარებს“.