ევროპიდან ვერ მიიღეს ის გზავნილი, რაც სურდათ და ამან კიდევ უფრო მეტ პანიკაში ჩააგდო. შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, ძალადობის პროვოცირებით გამოიწვიონ სიტუაციის ესკალაცია, მაგრამ არ გამოუვათ - მაია ბითაძე

მაია ბითაძე

ოპოზიციას არ დავარქმევ ამ ადამიანებს. ეს არის მავნებლებისა და დამნაშავეების კრებული, რომლებიც ცდილობენ, ამ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ. მათი ეს უგეგმო აქციები გადაიზარდა მინი ესკალაციებში, რასაც საბოლოო შედეგი არ ექნება. მე უფრო ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გაამწვავონ პროცესები პარლამენტის შეკრებამდე და თავისი აზრით გადაზარდონ ეს სახელმწიფოს დამხობის სცენარში, რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ლიდერების მთავარი მიზანია, ქვეყანა დააზიანონ. ამის მაგალითია მათი ქმედება, ისინი ეხვეწებოდნენ ევროპარლამენტარებს, დაესაჯათ საქართველო და ამის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართეს.

„მათ ევროპიდან ვერ მიიღეს ის გზავნილი, რაც სურდათ და ამან კიდევ უფრო მეტ პანიკაში ჩააგდო. შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, ძალადობის პროვოცირებით გამოიწვიონ სიტუაციის ესკალაცია, მაგრამ ნამდვილად არ გამოუვათ. ეს საბოლოო კრახი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება მათ პოლიტიკურ კარიერაში. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქვეყნის სიყვარულთან და მით უმეტეს, არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციასთან. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას“, - განაცხადა ბითაძემ.

აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან.

გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები და ის ტრანსპორტი გაიტანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კი ტერიტორია მოაწესრიგეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.

ვარაზისხევში რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმა კარვების გაშლა კვირას გვიან ღამით დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ის მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს - სულ, დაახლოებით, 30-მდე კარავი.