ევროპარლამენტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ოფისს გახსნის, რათა ევროკავშირის გაფართოების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ოფისს გახსნის, რათა ევროკავშირის გაფართოების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს.

როგორც მედია წერს, ოფისის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს, ხოლო ოფიციალურად ამის შესახებ დღეს გამოაცხადებენ.

ევროპარლამენტში დღეს ევროკავშირის ყველაზე დიდი გაფართოების 20 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება, რომელშიც იმ ათი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდნენ.

ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ახალი ოფისი ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების მხარდაჭერას, ინტეგრაციას.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში აქვს ოფისი. ასევე, ევროპარლამენტის ოფისი მოქმედებს ნიუ იორკში, ადის-აბებაში და ჯაკარტაში.

გასულ ნოემბერს კიევის მოთხოვნით გადაწყდა, რომ ევროპარლამენტი წარმომადგენლობას გახსნის კიევში.