ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ-ის ელჩისა და საელჩოს განცხადებები მცდელობაა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასტერში გაერთიანებულ პარტიებსაც ჰქონდეთ სიცოცხლისუნარიანობის მცირე შანსი და მათაც გადალახონ ბარიერი - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

გულდასაწყვეტი ის არის, რომ ქარდებისა და Facebook-პოსტებში ინფორმაცია, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება და სამწუხაროდ, არის მცდელობა, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ მიუახლოვდეს საარჩევნო ბარიერს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ-ის ელჩისა და საელჩოს განცხადებები ეს არის მცდელობა, სხვა პარტიებსაც, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასტერში არიან გაერთიანებული, ჰქონდეთ პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის მცირე შანსი მაინც და მათაც გადალახონ ბარიერი.

„როდესაც ყველანაირი ფაქტების, დასაბუთების გარეშე, ყველანაირი საფუძვლის გარეშე განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები ისმის-ხოლმე, რომელსაც შემდეგ აიტაცებენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ბედნიერი სახეებით წარმოჩინდებიან თავიანთი ტელევიზიების წინაშე და ათას პოლიტიკურ სისაძაგლეს, მავნებლობის ნიაღვარს უშვებენ ამ ტელევიზიებიდან, ერთი რამ არის, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს აძლიერებს. აძლიერებს იმაში, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც პირდაპირაა მიმართული ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაზე, ჩვენს ღირსებასა და ორ ფეხზე მაგრად დგომაზე - მშვიდობითა და ღირსებით ევროპისკენ სვლაში, ეს არის სწორედ მართალი გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისკენ მიგვიყვანს“, - განაცხადა გორდულაძემ.