ევროკავშირი მზად უნდა იყოს სირიისთვის სანქციების შესამსუბუქებლად, თუ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა ნაბიჯებს გადადგამს ინკლუზიური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად - კაია კალასი

კაია კალასი

ევროკავშირი მზად უნდა იყოს სირიისთვის სანქციების შესამსუბუქებლად, თუ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა ნაბიჯებს გადადგამს ინკლუზიური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, ქალებისა და უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დასაცავად, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა. მისი თქმით, ევროკავშირმა გაგზავნა დიპლომატი ისლამისტური დაჯგუფების „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ წარმომადგენლებთან შესახვედრად.

ამასთან, ევროპელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ სირიამ თავიდან უნდა მოიშოროს რუსული გავლენა, მათ შორის რუსული ბაზები ქვეყანაში.

„ჩვენ გვინდა, რომ არ იყოს არანაირი ექსტრემიზმი, არანაირი რადიკალიზაცია. ჩვენ უნდა გვქონდეს მზად გეგმა, როდესაც ვიხილავთ ამ ნაბიჯებს, ვიმოქმედოთ პოზიტიურად, რათა დავეხმაროთ სირიის განვითარებას“, - განაცხადა კაია კალასმა.