ეუთო/ოდირის, NDI-ს, IRI-ს, NMO-ს წინასწარ შეფასებებში ხაზგასმით წერია, რომ არჩევნების ადმინისტრირების ხარისხი იყო მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებული - გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია ზოგადად არჩევნების ჩატარების ხარისხთან მიმართებაში, მის შედეგებთან მიმართებაში, რომელიც კარგად არის თვალნათლივ დაწერილი ეუთო/ოდირის,NDI-ს, IRI-ს, NMO-ს წინასწარ შეფასებებსა თუ განცხადებებში, სადაც ხაზგასმით წერია, რომ არჩევნები ადმინისტრირების ხარისხი იყო მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებული, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

კალანდარიშვილის თქმით, როდესაც ისმის ბრალდებები, ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულება.

„როდესაც საუბარია გაყალბებაზე, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ამ დროს უნდა მოხდეს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, ფაქტის დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება სათანადო ორგანოების მხრიდან. დღეს არის 25 ნოემბერი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ერთი თვე გავიდა კენჭისყრის დღიდან. საარჩევნო ადმინისტრაცია იყო ის უწყება, რომელმაც არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში, ზუსტად ასეთ გაჟღერებულ ბრალდებებთან მიმართებაში თავად მიმართა საქართველოს პროკურატურას იმ მიზნით, რომ მათ მოეხდინათ სათანადო გამოკვლევები მათი კომპეტენციის ფარგლებში და უზრუნველეყოთ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. ჩვენ, მათ შორის ვიხილეთ ისეთი შემთხვევები, როდესაც პირადად ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, პირადად ჩემთან მიმართებაში ხორციელდებოდა არაცივილური ფორმით ისეთი გამოხატულებები, რომელიც ფაქტობრივად ხაზს უსვამდა, რომ რეალურად საარჩევნო ბრალდებებთან მიმართებაში არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა. მნიშვნელოვანი არის, როგორც მედიამ, ასევე ყველა ჩართულმა მხარემ პატივი სცეს ამომრჩეველს, პატივი სცეს საზოგადოებას და მიაწოდოს მათ ობიექტური, გადამოწმებული, შესწავლილი, გამოკვლეული ინფორმაცია, რათა არ დაზიანდეს პოსტ საარჩევნო პერიოდი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.