ეს საღებავების გადასხმა ადამიანების მიმართ მისაღები ფორმაა თუ არა? თუ მისაღები ფორმაა ძალიან ბევრი მსურველი იქნება ამორალურ ადამიანებს და ჯაშუშებს საღებავები ასხან თავზე - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციისგან პასუხს ელის, არის თუ არა მათთვის მისაღები პროტესტის გამოხატვის ფორმად შავი საღებავის შესხმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მედიის წარმომადგენელმა მას სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჰკითხა, რომლის მიხედვითაც ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში კომისიაში მუშაობა აეკრძალა.

მამუკა მდინარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის პროტესტს სარკაზმით გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ კი შავი საღებავების შესხმა ადამიანებისთვის მისაღები ფორმაა, ოპოზიციამ ეს ღიად უნდა თქვას.

„საშინელება გაუკეთებია სასამართლოს. უნდა ირბინოს და ასხას თვალში ხალხს საღებავები. ეს ხომ პროტესტის ფორმაა? იქნებ ჰკითხოთ, ოთხი დღეა ამას ვიხვეწები, ეს საღებავების გადასხმა ადამიანების მიმართ მისაღები ფორმაა თუ არა? თუ მისაღები ფორმაა ძალიან ბევრი მსურველი იქნება რეალურად ამორალურ ადამიანებს და ჯაშუშებს საღებავები ასხან თავზე. თქვან, რატომ გაუჭირდათ ამაზე პასუხის გაცემა? თუ არ არის მისაღები, მაშინ იმისგან რატომ არის მისაღები? თუ მისაღებია მაშინ მერე ვნახოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი სარებავი შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მომხდარის გამო, კირთაძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა და კომისიაში მუშაობის შესაძლებლობა შეუზღუდა.