ეს პოლიტიკური მოწოდებები, არის იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც არჩევნებამდე ვისმენდით -კახა კალაძე ბორელის განცხადებაზე

კახა კალაძე

"ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა, ეს "კინო" უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, როგორ მოქმედებენ რადიკალები", - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური  შეფასებები, რომლებიც არჩევნებამდეც კეთდებოდა, რეალურად კი, არჩევნების დარღვევით ჩატარების ფაქტები არ არსებობს.

"რეალურად არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნაც ვიხილეთ, საბოლოო დასკვნაც. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი დღე აკვირდებოდნენ არჩევნებს, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გააკეთეს. იყო რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მარნეულსა და თბილისში მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერები პირდაპირ უსწორდებოდნენ რიგით მოქალაქეებს. ამ პატარა ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი არჩევანი გაეკეთებინა. 2012 წლიდან ვარ არჩევნებში და ასეთი მშვიდი გარემო მე არ მახსოვს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოს, რადგან მსგავსი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს. ხოლო ის პოლიტიკური შეფასებები და მოწოდებები, რასაც გარედან ვისმენთ, არის იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც არჩევნებამდე ვისმენდით.

თუმცა, მერწმუნეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტის არჩევით, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება და საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობას, მისი თქმით, ხელისუფლება ამისთვის მზად არის და ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ არჩევნების მეორე დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები? იგივე ხდება ახლაც. რატომ არ გამოვიდნენ და არ აჩვენეს ხალხს ის პარალელური დათვლები, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ? იმიტომ, რომ ჰქონდათ მცდელობა, როგორმე დაძაბულობა შემოეტანათ. მაგრამ ჩვენ ეს "კინო" უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით როგორ მოქმედებენ რადიკალები", - განაცხადა თბილისის მერმა.