"ეს არის გზა რუსეთისკენ" - ნიკა გვარამია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

ნიკა გვარამია

ოპოზიცია გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხედ აფასებს. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ ამჯერად ოპოზიციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოუვა და პარტიებს მოუწევთ კონკრეტული არგუმენტებით საგნობრივ დიალოგში შესვლა.

პარტიის "ახალი" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განმარტებით, თუ საზოგადოება კანონის მიზნობრიობას ჩაუღრმავდება - ეს არის გზა რუსეთისკენ.

"ევროკავშირში, ამ ტიპის კანონმდებლობა, არა ამ შინაარსის, ყველგან ანტირუსულია. ამ კანონის მიზნობრიობას თუ ჩაუღრმავდებით, ეს არის გზა რუსეთისკენ. ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ ამ დროს არ იყოს პროტესტები და ხალხს, უბრალოდ, არ ეცალოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე, შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ჩვენს ქუჩებში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" ხაზს უსვამს, რომ არ უნდა, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

"ამ გადაწყვეტილებით, ისინი ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მათ სურთ მთავარი დისკუსია, რომელიც მდგომარეობს ხალხის მიგრაციაში. მათ სურთ, რომ ხალხის უმძიმესი სიტუაციიდან ყურადღება გადაიტანონ სხვა თემებზე და საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა ხელისუფლება თავის კანონიანად შევცვალოთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.