1758194878
ეს ადამიანები თავიანთ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ. რატომ წავიდნენ გასაგებია, სჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციები თუ რა შეიძლება გააკეთონ მუნიციპალურ არჩევნებამდე - ლევან მახაშვილი "ლელოს" ლიდერებზე

"ეს ადამიანები თავიანთ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ. ნახეს არაერთხელ, რომ თუკი სადმე უნდა იარონ, ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოს ქალაქები თუ სოფლები, და მხოლოდ მოსახლეობასთან ლაპარაკით შეიძლება რაიმე საარჩევნო შედეგები დადონ", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც "ლელოს" ლიდერების ბრიუსელში გამგზავრებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მათი ბრიუსელში ვიზიტის მიზანი დამატებითი ინსტრუქციების მიღებაა.
"შეუძლიათ იარონ სადაც უნდათ, მაგრამ იმაში იყვნენ ნამდვილად დარწმუნებულები, რომ ამით ისინი საარჩევნო შედეგს ვერ დადებენ. რატომ წავიდნენ გასაგებია, სჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციები, დამატებითი მითითებები, თუ რა შეიძლება გააკეთონ მუნიციპალურ არჩევნებამდე, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც თავის დროზე დაუშვეს და, როგორც ჩანს, იგივე შეცდომას იმეორებენ," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
Prime Time-ის ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის მიზანი ახალი დავალებების მიღებაა, რადგან პარტიაში მძიმე მდგომარეობაა. სტატიაში წერია, რომ "ლელომ" გახარიასთან ერთად, შეასრულა კონკრეტული მოთხოვნა ბრიუსელიდან, ჩაერთო საარჩევნო პროცესში, თუმცა ვერ შეძლო საარჩევნო გარემოსთან ადაპტაცია და ოლქების დიდ ნაწილში კანდიდატები ვერ დაასახელა. ხაზარაძეს, ასევე, პრობლემები აქვს უშუალოდ პარტიის ლიდერშიფში. საბა ბუაძემ პარტია დატოვა, კუპრაძე-ელისაშვილის დაწინაურებას კი პარტიის სხვა ლიდერები ეწინააღმდეგებიან.