„ენმ“ ვერცერთი კარიდან ვერ დაბრუნდება იმ ოთახში, სადაც არის მომავალზე ორიენტირებული საქართველო - თალაკვაძე

თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერცერთი კარიდან ვერ დაბრუნდება იმ ოთახში, სადაც არის მომავალზე ორიენტირებული საქართველო, ამ განაცხადებით, არჩილ თალაკვაძე ლევან ხაბეიშვილის ულტიმატუმს ეხმიანება, რომლის თანახმადაც ენმ-ის ლიდერმა ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად კონკრეტული ვადა მისცა.

ამასთან, თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიას იმ ანტიდასავლურ ქმედებებს ახსენებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ხდებოდა, როგორიც იყო "ადამიანების წამება, ტელევიზიების დახურვა" და ა.შ.

""ნაციონალური მოძრაობა" არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარა, შემდეგ ოპოზიციაში ყოფნის დროს მხარი არ დაუჭირა არც საქართველოს ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში შეტანას და არც ევრორეკომენდაციით გათვალისწინებულ არცერთ რეფორმას.

ეს არის "ნაციონალური მოძრაობის სტილი, როდესაც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ისინი იყვნენ სიტყვით ევროპელები, მაგრამ საქმით ანტიევროპულები, როდესაც აწამებდნენ ადამიანებს, ხურავდნენ ტელევიზიებს, საკუთრებიდან ყრიდნენ მესაკუთრეებს, როდესაც ადამიანებს უფლება არ ჰქონდათ განსხვავებული აზრი გამოეთქვათ, ეს იყო მათი პოლიტიკური ბიოგრაფია და ამათ აკეთებდნენ ევროპის სახელით.

ზუსტად ამიტომ, ისინი შევიდნენ ისტორიაში, როგორც პარტია, რომელმაც საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარა. დღეს წამოიწყეს მორიგი პოლიტიკური ფარისევლობა, რომ თავისი თავი, როგორმე დაუკავშირონ 9 აპრილს, როგორმე დაუკავშირონ ისეთ თემებს, რომლებიც საქართველო ისტორიას და ეროვნულ ინტერესებს მიეკუთვნება, მაგრამ ისინი ვერ მოატყუებენ საზოგადოებას.

ჩვენი საზოგადოების მოტყუება არის შეუძლებელი და "ნაციონალური მოძრაობა" ვერცერთი კარიდან ვერ დაბრუნდება იმ ოთახში, სადაც არის მომავალზე ორიენტირებული საქართველო,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ დაანონსებული აქცია პარტიაში ახალი უთანხმოების მიზეზია. პარტიის წევრების ნაწილი ღიად ამბობს რომ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. ლევან ხაბეიშვილმა ულტიმატუმი გუშინ წამოაყენა და ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ვადა მისცა. "ნაციონალურ მოძრაობას" ამ გადაწყვეტილებისთვის მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციაშიც აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ისტორიული თარიღის რომელიმე პარტიისთვის მისაკუთრებას არ ემხრობიან.