ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს

ნიკუშორ დანი

რუმინეთში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის ამჟამინდელი მერი ნიკუშორ დანი ლიდერობს ხმათა 54.9 პროცენტით. ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერს, ჯორჯე სიმიონს კი 45.10 პროცენტი აქვს.

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ნიკუშორ დანიმ მხარდაჭერებს მიმართა. მისი თქმით, წინსვლის გზა არის სასამართლოსა და ადმინისტრაციული რეფორმა. დანიმ ასევე მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ რუმინულმა საზოგადოებამ შთამბეჭდავი სიძლიერე გამოავლინა.

რუმინეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და 65 პროცენტი შეადგინა. საარჩევნო უბნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო 21:00 საათზე დაიხურა. ამასთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუმინელებს პარასკევიდან ჰქონდათ ხმის მიცემის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.