დიმიტრი ხუნდაძე: დღეს არის მცდელობა იმისა, რომ შეარყიონ ის შედეგი, რაც საზოგადოებამ დადო. კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ვერ იქნება ხანგრძლივი. კრიტიკაშიც კი უკან დასახევი დატოვებული აქვთ პრაქტიკულად ყველას

დიმიტრი ხუნდაძე

„დღეს არის მცდელობა იმისა, რომ შეარყიონ ის შედეგი, რაც საზოგადოებამ დადო. კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ვერ იქნება ხანგრძლივი. კრიტიკაშიც კი უკან დასახევი დატოვებული აქვთ პრაქტიკულად ყველას“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკასთან“.

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ეს აღიარა ყველამ.

„მხარდამჭერი განცხადებები უკვე დაიძრა. ისიც კი ვინც არის ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულად განწყობილი და მათთვის სასურველი შედეგი იქნებოდა, რომ მართლაც გაყალბებულად გამოცხადდეს არჩევნები და შიდა რყევა ხელისუფლების შეცვლით დასრულდეს, მაგრამ ისინიც ხედავენ , რომ ამის რესურსი არ არსებობს, ერთი მიზეზის გამო, რომ საზოგადოების გადაწყვეტილება არის მყარი და არავითარი არგუმენტაცია, რომ არჩევნები გაყალბდა არ არსებობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას ურჩევს კარგად დააკვირდნენ, რომ რამდენი ადამიანი გამოდის მათ მოწოდებაზე გარეთ და ეს იქნება მათთვის პასუხი კითხვაზე რა სურს საზოგადოებას.

მისი თქმით, მოლოდინი იმის, რომ ვინმემ ჩაშალოს ახლად არჩეული პარლამენტის შეკრება არ აქვს.

„სურთ თუ არა მოუწევთ გაუსწორონ თვალი რეალობას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.