დიალოგზე არის გარკვეული შემოთავაზებები და მინიშნებები, დიალოგთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა საკითხების გარშემო შეიძლება იყოს დიალოგი - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

"ის, რომ დიალოგზე არის გარკვეული შემოთავაზებები და მინიშნებები, დიალოგთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, მით უმეტეს ჩვენთან, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა საკითხების გარშემო შეიძლება იყოს დიალოგი," - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის რპეზიდენტმა დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც "დღის კურიერის" ეთერში დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც დიალოგი ვერ შედგება, რადგან ისინი უკვე იურიდიულად დადასტურებული ფაქტებია.

"ის, რომ დიალოგზე არის გარკვეული შემოთავაზებები და მინიშნებები, დიალოგთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, მით უმეტეს ჩვენთან, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა საკითხების გარშემო შეიძლება იყოს დიალოგი. ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს უკვე შემდგარი, მიღებული, კონკრეტული იურიდიულად დადასტურებული ფაქტები, იმ საკითხებზე დიალოგი სრულიად მოკლებულია რაიმე შინაარსს. მაგალითად, ის, რომ 2024 წლის არჩევნები შედგა საქართველოში, ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, შუალედური დასკვნები არის იმგვარი, რა დასკვნაც პირდაპირ იძლევა აბსოლუტურად თამამად იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ევროკავშირიდან არჩევნები იყო კონკურენტულად შეფასებული და რომ შედგა ეს არჩევნები. ამაზე პირდაპირი დასკვნა არსებობს. ამ საკითხზე ვერანაირი დიალოგი ვერ შედგება, იმიტომ, რომ ეს შემდგარი ფაქტია, ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, ლეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა და ის აგრძელებს იმ კურსს ევროინტეგრაციის, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების და ა.შ. რასაც დღემდე აკეთებდა.

ეს უფრო იკითხება რადიკალების სურვილში დიალოგთან მიმართებით, უკვე საკუთარი თავი რომ ჩიხში შეიყვანეს იმ მდგომარეობიდან გამოსავალს თუ ეძებენ, როგორც ეს 2020 წელს მოხდა, დაახლოებით ამგვარ პროცესთან გვექნება სავარაუდოდ საქმე.

ფსევდო პოლიტიკოსებმა ხომ ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი და მათი პოლიტიკური ცხოვრება ფაქტობრივად დასრულებულია საქართველოში. შემდგარი ლეგიტიმური არჩევნების არანაირი გადახედვა არ მოხდება, არანაირ ახალ და განმეორებით არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი და ამ მოცემულობაში, როცა საკუთარი ხელით ჩახსნეს საკუთარი პოლიტიკური მომავალი, რაზე შეიძლება იყოს საუბარი.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და კიდევ უფრო ნათელ გახდება ის, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით დღემდე, ეს ყველაფერი არის სრული სიმართლე და სწორედ ამ გზით გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ, ამერიკაში ახალი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის თეთრ სახლში შებრძანების შემდგომ," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.