დღეს მოგვივიდა წერილი, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

ანტიკორუფციული ბიურო "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ამოწმებს - ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გერმანიის ელჩთან გააფორმა.

პარალელურად, მოკვლევა მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურში, სადაც ითქვა, რომ გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა.

საუბარია ძველ თბილისში მდებარე სახლზე, რომელიც პოლიტიკოსის ოჯახს გაქირავებული აქვს გერმანიის ელჩზე - მხარეებს შორის ხელშეკრულება 2022 წლიდან არსებობს, თუმცა ირკვევა, რომ აქამდე ეს გარიგება არც რეესტრში იყო ასახული და არც დეკლარაციაში - თემა თითქმის ერთი კვირაა პოლიტიკური შეფასებების საგანიც არის.

"ლელო - ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ კოალიციის ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღეს.

"ეს გამოგონილი სიგიჟე წარმოადგენს სწორედ ამ ორ მიზანს - თავდასხმას გერმანიის ელჩზე და იმ პროდასავლურ კოალიციაზე, რომელიც იბრძვის დღეს აქტიურად. ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და აღსრულების ეროვნული ბიურო. ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.