ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

პარლამენტი

 დღეს, მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. პირველი სხდომის გასამართად, „ქართულ ოცნებას“ ცესკოს შედეგებით მიღებული 89 მანდატი ჰყოფნის. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე, გაწერილი დღის წესრიგით გაიმართება.

პირველი საკითხი ახალი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ცნობა იქნება. ცნობენ იმ დეპუტატების უფლებამოსილებასაც, რომლებიც საპარლამენტო მანდატის მიღებაზე ამ დრომდე უარს ამბობენ. პარლამენტის თავმჯდომარე ისევ შალვა პაპუაშვილი იქნება, თუმცა, ვიდრე ახალი პარლამენტი სპიკერს აირჩევს, პირველ სხდომას უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გაუძღვება. მანამდე პარლამენტს არჩევნების შედეგებს, სამანდატო კომისიას დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტებს, ცესკოს თავმჯდომარე გააცნობს.

ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ. ჩამოყალიბდება ფრაქციები, დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და სხვა მოადგილეებს პირველსავე სხდომაზე აირჩევენ, რისთვისაც 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საკმარისი.

მომდევნო კვირის სხდომის დღის წესრიგში უკვე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაა.