დავით სონღულაშვილი: ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, ამიტომ მინდა უკლებლივ ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დავით სონღულაშვილი

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. ამიტომ მინდა მთელს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე, - განუცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „ქრონიკას“.

„107 წელია, რაც ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ისტორია და ტრადიცია საკმაოდ ძლიერია, თუმცა ამ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას დაცვა სჭირდება. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მომენტი არის. ზუსტად ამიტომ, ყოველთვის მიდის ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ამის შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობა და გარანტია, რომ ქვეყანა განვითარდეს, ეკონომიკურად გაძლიერდეს.

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყანას აქვს უძველესი ტრადიცია, ძალიან ძველი ისტორია. ერთ-ერთი გამორჩეული, რაც ამ ქვეყანას აქვს, არის ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია. ეს არის ერთ-ერთ გამორჩეული ნაწილი, რომელიც საქართველომ მისცა მსოფლიოს, ძალიან მნიშვნელოვან კულტურასთან და ცივილიზაციასთან ერთად. ეს ისტორია, რომელიც აქამდე დაიწერა, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად გრძელდება“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.