დავით მათიკაშვილი: რეზოლუცია ჰაერში მუშტების ქნევად იქნება საზოგადოების მიერ შეფასებული, ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, რომ მსგავსი მეთოდებით ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა არ ჭრის

დავით მათიკაშვილი

ევროპარლამენტის რეზოლიციებს არანაირი ფასი და ღირებულება არ აქვთ, რადგან ობიექტურობისგან დაცლილია, რეზოლუციის მიკერძოებული ტექსტი ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ამ რეზოლუციას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ჩამოცილებულია იმ ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე ევროკავშირი შეიქმნა.

„უკვე მერამდენე მცდელობაა, რომ ქართველ რადიკალებს მიეცეს პოლიტიკურ პროცესში ყოფნის და დარჩენის საშუალება იმ ცრუ რეზოლუციებით, რომლebსაც ევროპარლამენტი იხილავს. კიდევ ერთი მცდელობაა, ქალბატონმა რასამ სრული ტყუილი საზოგადოებას შეასაღოს და ამ ტყუილზე აპელირებით ქართველ ხალხზე ძალმომრეობა განხორციელდეს, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ამ რეზოლუციებს არანაირი ფასი და ღირებულება არ აქვთ, რადგან ობიექტურობისგან დაცლილია. ამ რეზოლუციის მიკერძოებული ტექსტი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ჩამოცილებულია იმ ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე ევროკავშირი შეიქმნა, ასახავს მათი ელიტის ძალიან მძიმე ვითარებას, რაც გულისხმობს პოლიტიკურ კორუფციას და სხვა მიუღებელ  მოცემულობას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენჯერ უნდა მოისმინოს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ციხიდან უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, დამნაშავე პიროვნება, რომელზედაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მხილებულია სისტემურ დანაშაულში?

„მიუღებელია, სააკაშვილის გათავისუფლებას როდესაც ითხოვენ. ამ რეზოლუციებს როგორც აქამდე არ ჰქონდა არანაირი ღირებულება, ჰაერში მუშტების ქნევად იქნება ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების მიერ შეფასებული. ველოდებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი გაიგებენ და შეიგნებენ, რომ მსგავსი მეთოდებით ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, ძალმომრეობა არ ჭრის. ჩვენი საზოგადოების მცდარ პროცესებში გახვევა, მცდელობა, რომ ევროპიდან აქ ვინმეს თვალი აუხვიონ, შეცდომაში შეიყვანონ და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ რადიკალიზმის წახალისებით, არ გამოდის. ეს ყველაფერი უშედეგოა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენე საქართველოში არსებული კრიმინალური პოლიტიკური დაჯგუფების, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ძალიან დიდი და ერთგული მეგობარია.

„გასაგებია, რომ ერთ დროს დემოკრატიის შუქურად მონათლული, სადისტური მეთოდებით საკუთარ ქვეყანაზე მოძალადე მიხეილ სააკაშვილი ასევე ამ ქალბატონის მეგობარია, მაგრამ ამ ქალბატონმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მეგობრები იმდენად ცოტა და მიზერულია, რომ მის პოლიტიკურ აღვირახსნილობას, რასაც 2012 წლამდე ჩადიოდა საქართველოში, განმეორება აღარ უწერია. ამ რეზოლუციაში რას ჩაწერს და რა სანქციებს მოითხოვს, ეჭვი მაქვს, ევრობიუროკრატების საქმიდან და საქციელიდან გამომდინარე, ეს სანქცირება, შეიძლება, ევრიკავშირის შიგნით შემოუტრიალდეთ, იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ცალკეული ევრობიუროკრატის მიმართ ბრიუსელში მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.