დავით მათიკაშვილი: ბოლო სამი თვის განმავლობაში 9.3%-ია ეკონომიკური ზრდა, მაშინ როდესაც რაღაც აპოკალიფსურ სცენარებს ხატავდნენ ვითომ ექსპერტები. ეს ყველაფერი იყო გათვალისწინებული იმისთვის, რომ ხალხში ამ ყველაფერს მოჰყოლოდა მღელვარება

დავით მათიკაშვილი

ძალიან ბევრი ეცადნენ ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეები, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე, ქვეყნის შიგნიდან, რომ დაეზიანებინათ ქვეყნის წინსვლა, პროგრესი. განსაკუთრებით იმ ჭრილში, როდესაც ნახეს, რომ პოლიტიკურად ქვეყანა იდგა ძალიან მყარად ფეხზე, საზოგადოების მხარდაჭერა იყო ძალიან მყარი ხელისუფლების მიმართ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ყოფილიყო მცდარი მოლოდინები და საზოგადოებაში ღელვა გამოეწვიათ, რასაც მათი შეხედულებით უნდა მოჰყოლოდა საზოგადოების ქუჩაში გამოსვლა იმ სცენარის განხორციელება, რასაც „მაიდანიზაცია“ ჰქვია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რითაც რადიკალების მხრიდან რამდენიმე თვის წინ დაანონსებულ თითქოსდა მოსალედნელ ეკონომიკურ კრიზისს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რადიკალების მცდელობას, რომ ნაცარი შეაყარონ თვალებში მოსახლეობას და მოატყუონ თითქოს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია წერტილი დაუსვა მონაცემებმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანას 9%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში 9.3%-ია ეკონომიკური ზრდა, მაშინ როდესაც რაღაც აპოკალიფსურ სცენარებს ხატავდნენ ვითომ ექსპერტები და ამით ცდილობდნენ საკუთარი ბნელი დღის წესრიგის განხორციელებას. ეს ყველაფერი იყო გათვალისწინებული იმისთვის, რომ ხალხში ამ ყველაფერს მოჰყოლოდა მღელვარება. აჰყოლოდა ეკონომიკა ამ მცდარ მოლოდინებს. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკა არის ძალიან სენსიტიური, მგრძნობიარე დარგი. ის რეაგირებს საზოგადოების გადადგმულ ნაბიჯებზე, პროტესტებზე და ა.შ. ზუსტად ეს იყო მიზანი ჩვენი მტრების, საქართველოს მოწინააღმდეგეების, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი ვითარება, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მომხდარიყო საზოგადოების მასიური დარაზმულობა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ მოხდა ეკონომიკა მიდის წინ პოლიტიკურად ვდგავართ ძალიან მყარად“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.