დაკავებული ვართ უპარტიო მერობის კანდიდატის შერჩევით, დანარჩენი პარტიები არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, მსჯელობა მათთან ერთად გაგრძელდება - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

ჩვენი პარტია დაკავებულია ნეიტრალური, უპარტიო მერობის კანდიდატის შერჩევით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დანარჩენი პარტიები თუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას, უპარტიო კანდიდატებზე მსჯელობა მათთან ერთად გაგრძელდება.

„ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვცვლით, ამ ნაწილში უკვე ჩამოყალიბებული ვართ და თუ რაიმე შეიცვლება, ბუნებრივია, გაგაგებინებთ. ერთადერთი, რითაც ახლა დაკავებული ვართ, ესაა პოლიტიკურად ნეიტრალური და უპარტიო ადამიანების შერჩევა, ვგულისხმობ მერობის კანდიდატს. დანარჩენი პარტიებიც უახლოეს პერიოდში თუ შეძლებენ და მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ჩაერთონ თვითმმართველობის არჩევნებში და ამ გზით იბრძოლონ ჩვენთან ერთად „ოცნების“ მოძალადე რეჟიმის დასასუსტებლად, მაშინ, ამ უპარტიო კანდიდატებზე მსჯელობას მათთან ერთად გავაგრძელებთ. ისინი ვიდრე გადაწყვეტილებას არ და ვერ იღებენ, ჩვენი რესურსებით ვაგრძელებთ უპარტიო კანდიდატების შერჩევას მერობისთვის“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.