ჩვენს გასაკეთებელს ვერც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მთავრობამ და მოსახლეობამ ერთად ვაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი - კალაძე

კალაძე

ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის, რა თქმა უნდა, გაატარებს ამერიკის ინტერესს, ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენს გასაკეთებელს ვერც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი გასაკეთებელი  საქართველოს მთავრობამ და მოსახლეობამ ერთად ვაკეთოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ამავდროულად, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი თუ შეძლებს აშშ-ში ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებას, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციონირებას, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთნაირ პლატფორმაზე ვართ. ტრამპის გუნდის წევრებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს კონსერვატიული მიდგომები და დამოკიდებულება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებებთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩვენ მივიღეთ კანონი გამჭვირვალობასთნ დაკავშირებით.

არის ბევრი ისეთი მიმართულება, სადაც თანხვედრაა, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს იმ განცხადებების, რაც მოვისმინეთ მაგალითად, ტრამპის მხრიდან, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დაამარცხოს „დიფ სთეითი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ღიად ვსაუბრობდით ამაზე და საზოგადოებას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, რაზეც ვსაუბრობდით, რა გავლენები აქვს, როგორ იმართება, როგორ მუშაობენ და თუ ის შეძლებს ამის დამარცხებას, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას ზოგადად და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, დამოკიდებულია ხალხზე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არჩეულ მთავრობაზე. ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი? იმიტომ, რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის, რა თქმა უნდა, გაატარებს ამერიკის ინტერესს, ისევე როგორც ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ, საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის მოსახლეობამ ერთად უნდა ვაკეთოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.