1749585187
,,ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი დამტკიცებული გვაქვს და სამწუხაროა, რომ უკვე ათწლეულებია, ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას NATO-ს მხრიდან" - ლევან მაჭავარიანი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალიანსი "მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი".
განცხადების მიხედვით, უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამასთან, საქართველო განაგრძობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაახლოებას NATO-ს სტანდარტებთან.
მმართველი გუნდის შეფასებით, ქვეყანა, უკვე წლებია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის სხვა ბევრ ქვეყანაზე მეტს აკეთებს, თუმცა ორგანიზაციის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან.
"ყველასთვის ცნობილია, თუ რამხელა კონტინგენტით ვიყავით ჩვენ წარმოდგენილი NATO-ს მისიებში, იგივე ერაყში, ავღანეთში. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი დამტკიცებული გვაქვს ჩვენი მხრიდან და უბრალოდ, სამწუხაროა, რომ უკვე ათწლეულებია, ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას NATO-ს მხრიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი გამყარებული გვაქვს ჩვენი კონსტიტუციითაც - 78-ე მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას და მოხარულები ვიქნებით, თუ იქნება კონკრეტული წინადადებები ამ თემებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ განცხადებები, რომლებიც ჩვენ დიდი ხანია გვესმის“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.