ჩარჩოკონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომ ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში სრულად იყო დაცული ფარულობა - ცესკოში რამდენიმე ინფორმაციას მანიპულაციურს უწოდებენ

ცესკო

ცენტრული საარჩევნო კომისია სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას მანიპულაციურს უწოდებს.

ცესკოს განცხადებით, რაც ამერიკულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ სიაში ამომრჩევლის დუბლირება შეუძლებელია, გახშირდა ბიულეტენებთან დაკავშირებული ბრალდებები. კერძოდ, ხშირად საუბრობენ მეორე მხარეს გადასულ წერტილებზე, როგორც ცესკო განმარტავს, იმის მიუხედავად, რომ გაფერადება შეიძლება ოდნავ აღბეჭდილი იყოს ბიულეტენის მეორე მხარეს, ის მაინც არ ავლენს ამომრჩევლის ზუსტ არჩევანს, რაც ინარჩუნებს ხმის საიდუმლოებას.

ასევე, ვრცელდებოდა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა, რომ ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით - ამაზე ცესკო ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაწერილა არც ერთი საჩივარი, რაც, ასევე, ეჭვებს აჩენს.

"ჩვენთვის ნათელია, რომ ასეთი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი" - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ბრალდებების საპასუხოდ.

"ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში.

ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჩარჩოკონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული არაერთგზის იქნა გამოცდილი გავლილი პილოტებისას და ტესტირებისას და ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ის, რომ ჩარჩოკონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ფარულობას, აღინიშნა სხვადასხვა მედია თუ საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა ჩარჩოკონვერტის გამოყენების ინსტრუქციაზე. ამასთანავე, ხმის მიცემის პროცედურის ყველა ნაბიჯი გამოკრული იყო საჯაროდ ყველა უბანზე. შესაბამისად, ჩარჩოკონცერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში არ არსებობდა ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ.