ბრიტანეთის ელჩი: უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მოუსმინოს იმ პარტნიორებს, რომლებიც 20 წელზე მეტია, მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას რუსული ზეწოლისგან

ბრიტანეთის ელჩი

დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროპის ერთ-ერთი წარმატებული მრავალპარტიული დემოკრატია, სხვა არჩევანი არის ავტოკრატია, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შესახებ. შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა.

მისი თქმით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეზღუდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორიცაა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსება. ასევე, ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე, შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას. უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ანგარიშვალდებულება აუცილებელია.

„400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და სახალხო დამცველის თანახმად, უმეტესობას აღენიშნება ცემის ნიშნები. უნდა ჩატარდეს სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მოუსმინოს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც 20 წელზე მეტია, მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას რუსული ზეწოლის წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროპის ერთ-ერთი წარმატებული მრავალპარტიული დემოკრატია. სხვა არჩევანი არის ავტოკრატია. ჩვენ გვჯერა საქართველოს დემოკრატიის“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.