ბექა ძამაშვილი ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: ფაქტობრივად, დღეს უკვე ეთანხმებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რეალობას, რომ მათი ბრალეულობით ვერ აშენდა პორტი

ბექა ძამაშვილი

ფაქტობრივად, დღეს უკვე ეთანხმებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რეალობას, რომ მათი ბრალეულობით ვერ აშენდა პორტი, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტის თემასთან დაკავშირებით პარიზის საარბიტრაჟოს სასამართლოს დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე.

მისი თქმით, არსებობს ერთგვარი ანულირების პროცედურა, რაც მათ არ გამოიყენეს და შესაბამისად, დაკისრებული, დაახლოებით 2 მილიონი ლარის ოდენობის თანხაც მათ გადაიხადეს.

„საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციები, არგუმენტები, მტკიცებულებები და დაადგინა, რომ ეს პროექტი, „ანაკლიის პროექტი“ ვერ განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალეულობით. მათ ვერ მოიძიეს სათანადო ფინანსური რესურსი და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, სახელმწიფომ არაერთხელ გადაუწია ვადა პროექტის განხორციელებისთვის და საბოლოოდ, მათივე ბრალეულობით ეს ვერ განხორციელდა.

ისინი, ფაქტობრივად, დღეს უკვე ეთანხმებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რეალობას, რომ მათი ბრალეულობით ვერ აშენდა პორტი, რადგან მათ ჰქონდათ სამართლებრივი საშუალება, ეს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ. არსებობს ერთგვარი ანულირების პროცედურა, რაც მათ არ გამოიყენეს და შესაბამისად, დაკისრებული, დაახლოებით 2 მილიონი ლარის ოდენობის თანხაც მათ გადაიხადეს.

შესაბამისად, უკვე იურიდიულად შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.