1748980445
ავიაციის კომიტეტის სხდომაზე სექტორის გაძლიერებასა და არსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანაორგანიზებით, სასტუმროში „პარაგრაფ თბილისი“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრების რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
„შეხვედრა, რომელსაც საავიაციო და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საავიაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილმა გახსნეს.
საუბრის მთავარი თემა ქვეყნის საავიაციო სტრატეგიაზე მუშაობის დაწყების საკითხების განხილვა იყო. ასევე, კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთების საკითხი, რომელიც ამჟამად რატიფიცირებაზე საქართველოს პარლამენტშია გადაგზავნილი. საერთაშორისო კონვენციასთან მიერთების შემდეგ ქართულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ლიზინგით გაცემა შეეძლებათ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი.
საუბარი ძირითადად შეეხო ავიაციის განვითარებისთვის და ზოგადად, ოპერირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ საკითხებს. მათ შორის, ვაზიანის აეროპორტის განვითარების სტატუსს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას.
„ჩვენი თანაორგანიზებით, ავიაციის კომიტეტის წევრებთან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ დღესდღეობით საქართველოს საავიაციო სექტორში არსებული გამოწვევები, ყველა ტექნიკური დეტალი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის და სექტორში დასაქმებული სხვა წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კეიპტაუნის კონვენციის საკითხის განხილვა. აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ წლის ბოლომდე საქართველო მიუერთდება კეიპტაუნის კონვენციას, რაც საშუალებას მისცემს და გაუადვილებს ავიაკომპანიებს საჰაერო ხომალდების ბაზირებას საქართველოში.
განვიხილეთ ყველა მიმდინარე პროექტი, რომელზეც ამ დროისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით მუშაობს, მათ შორის ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის სტატუსზე, ქუთაისში მიმდინარე 3,5 კმ-იანი ასაფრენ დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ავიაციის კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და წევრებმა ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე ასევე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში იანვარ-აპრილში მგზავრთნაკადის ისტორიულ მაჩვენებელზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.