არც კი ვიცი ვისზე საუბრობთ, გვარს რომ ახსენებთ, არ ვიცი ეს ადამიანი, იქნებ გამაცნოთ - ლევან ხაბეიშვილი როზნერზე

ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალურმა მოძრაობამ" როზნერის კიდევ ერთი დავალება შეასრულა. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, შოთა ფალავანდიშვილს პიარ-სტრატეგის მორიგ გეგმაზეც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტია გაზეთის და პოსტერების დაბეჭდვას დაიწყებდა სახელწოდებით "დიდი პრობლემა", "ქვეყანა იცლება, ეკონომიკა ჩიხშია". ჟურნალისტმა ამ გეგმის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი 3 დღის წინ დაწერა და ფაქტის დადასტურების შემდეგ დღეს უკვე გაასაჯაროვა.

როზნერთან რაიმე კონტაქტს უარყოდენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არც კი იცნობს ამ პიროვნებას.

"არც კი ვიცი ვისზე საუბრობთ - ეს ერთი. ახლა მეორე - რაზეც ლაპარაკობთ და მაჩვენებთ, გვარს რომ ახსენებთ [როზნერი], არ ვიცი ეს ადამიანი, იქნებ გამაცნოთ. "დიდი პრობლემა"  - რაზეც საუბრობთ და მაჩვენეთ გაზეთი, ეკონომიკა რომ ჩიხშია და ქვეყანა რომ ჩიხშია, ამას ვიზიარებ, გეთანხმები და ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა და ამაში სიახლე არაფერი არ არის, რომ ჩვენ გვაინტერესებს ხალხის პრობლემა. 2024 წელს თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს არის ტყუილი", - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

პარტიაში ასევე ამბობენ, რომ როზნერთან არანაირი საქმიანი კონტაქტი არ გააჩნიათ.

"არანაირი საქმიანი კონტაქტი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, ვიღაც როზნერთან არ გვაქვს, ეგ არის ტყუილი. რაც შეეხება პრობლემებს ქვეყანაში, რა თქმა უნდა პრობლემები არის მასობრივი მიგრაცია, უმუშევრობა და პრობლემაა ის, რომ რეგიონში საქართველოს მოქალაქეებს აქვს ყველაზე დაბალი შემოსავალი და ფასები არის ყველაზე მაღალი. საქართველოს თუ ეყოლება წესიერი ხელისუფლება, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოში იყოს ისეთი საცხოვრებელი გარემო, რომ ადამიანები არ გარბოდნენ და 10 წელიწადში 800 000 ადამიანი არ მიდიოდეს ქვეყნიდან ემიგრაციაში", - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ.