არავინ უშლიდა ხელს და მათ შორის გადაადგილების თავისუფლებაც არ ეზღუდებოდა, ჩართვაზეც არ იდგა - ნიკო მანაგაძე

ნიკო მანაგაძე

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურმა ნიკო მანაგაძე გამოკითხა.

საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, ის აცხადებს, რომ ჟურნალისტისთვის ხელი არ შეუშლია.

„არავინ უშლიდა ხელს და მათ შორის გადაადგილების თავისუფლებაც არ ეზღუდებოდა. მე ვიდექი ტროტუარზე, თქვენი კოლეგა გადაადგილდებოდა ამ მიმართულებით, საითაც ვიდექი. ჩემსა და თქვენი ტელეკომპანიის წარმომადგენელს შორის დიალოგზე, არავითარ ხელშეშლას არ ჰქონია ადგილი. ის ჩართვაზეც არ იდგა“, - განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

კადრები, სადაც ჩანს როგორ აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას „ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, საზოგადოებამ იხილა.

ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

რადიკალური ოპოზიიის აქციის მონაწილეთა მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის არაერთ ფაქტზე დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არაფერს ამბობენ.

ტელეკომპანია „იმედმა“ 19 ნოემბრის საღამოს უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.