არა მხოლოდ პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით, იყო არაერთი მცდელობა მოეხდინათ ზეწოლა და ისეთი რამ მოეხვიათ თავს საკანონმდებლო კუთხითაც, რომელიც იყო არაკონსტიტუციური - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

არა მხოლოდ პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით, იყო არაერთი მცდელობა მოეხდინათ ზეწოლა და ისეთი რამ მოეხვიათ თავს საკანონმდებლო კუთხითაც, რომელიც იყო არაკონსტიტუციური, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თავს მოხვეულ კანონებს შორის არის მათ შორის პროკურორის არჩევის წესი.

„არა მხოლოდ პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, იყო არაერთი მცდელობა საქართველოს სახელმწიფოზე მოეხდინათ ზეწოლა წლების განმავლობაში და ისეთი რამ მოეხვიათ თავს საკანონმდებლო კუთხითაც, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო არაკონსტიტუციური. მათ შორის პროკურორის არჩევის წესი არის კარგი და მკაფიო მაგალითი, როდესაც ხდებოდა არა არჩევისთვის წარდგენა საპროკურორო საბჭოს მიერ არამედ შერჩევის პროცედურის წარმართვა, რომელიც პირდაპირ გახლდათ არაკონსტიტუციური მოცემულობა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შედის. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, განისაზღვრება ახალი წესი გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენის და შემდეგ პარლამენტის მიერ არჩევის შესახებ. არჩილ გორდულაძის თქმით, მხოლოდ საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექსკლუზიურად ექნება შესაძლებლობა პროკურორობის ერთი კანდიდატი დაასახელოს, კანდიდატებს მოუსმინონ საბჭოში, კენჭისყრის შემდეგ კი პარლამენტს წარუდგინონ.