აქციის მოძალადე მონაწილეების მიმართ პოლიციას სრული უფლება აქვს გამოიყენოს სხვადასხვა საშუალებები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და უამრავი ის საშუალება, რაც ჩამოწერილია კანონში - ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, "დღის კურიერის" ეთერში კანონში შესულ ცვლილებებს განმარტავს, სადაც წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზეა საუბარი.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლება.

"2021 წლის 11 ივლისს დამტკიცდა ახალი ინსტრუქცია ჩვენი პოლიციელებისთვის. ეს გამყარებულია, რამდენიმე საერთაშორისო სახელმძღვანელოდანაც, ეს წერია Amnesty International-ის სახელმძღვანელო დოკუმენტში და ასევე ეუთო/ოდირის შესაბამის სახელმძღვანელოში, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ შესაძლებელია წყლის ჭავლის და გაზის ერთდროულად გამოყენება და ამის მთავარი მიზანია, რომ აქციის მოძალადე მონაწილეებმა დატოვონ შეკრების ადგილი, ეს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულიად შესაბამისობაშია.

ამას აქტიურად იყენებს რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი და საზოგადოება ხედავს ამ გამოყენებულ მექანიზმებს, მეტიც ისინი ცხენებსაც იყენებენ და ძაღლებსაც, უფრო მეტადაც ხდება ძალისმიერი მეთოდებით აგრესიული აქციის მონაწილეების დაშლა.

ჩვენი კონსტიტუციით დაცული არის მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლება. ის ადამიანები, ვინც გასცდებიან კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიწყებენ ძალადობას, შტურმს, სხვა პირებზე ძალადობას, ამ შემთხვევაში პოლიციას სრული უფლება აქვს გამოიყენოს სხვადასხვა საშუალებები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და უამრავი ის საშუალებები, რაც ჩამოწერილია კანონში.

საზოგადოებამ ასევე ნახა, რომ გამოვიდა სტრასბურგის ახალი გადაწყვეტილება, ეს არის მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, სადაც სწორედ წყლის ჭავლის გამოყენებაზე იყო საუბარი. მაშინ საუბარი იყო თითქოს, ჩვენ არასწორად გამოვიყენეთ წყლის ჭავლი, თუმცა სტრასბურგმა პირდაპირ ჩაწერა, რომ პოლიციამ საკმარისზე მეტი ტოლერანტობა გამოიჩინა აქციის მონაწილეების მიმართ და მას უფრო ადრე შეეძლო გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არცერთი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის ერთობლივად გამოყენებას, უბრალოდ არის წესები, რომ უნდა იყოს წინასწარი გაფრთხილება, რასაც ჩვენ ვითვალისწინებდით, ასევე არ უნდა მოხდეს ადამიანების ალყაში მოქცევა, ესეც იყო გათვალისწინებული და ოპერის მიმართულებით შეეძლოთ დაეტოვებინათ შეკრების ადგილი,"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.