გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
„ნაციონალური მოძრაობა“ პირველები ვიყავით, ვინც ვსაუბრობდით ერთობაზე, ერთობის მნიშვნელობაზე. შესაბამისად, ერთგული ვრჩებით ამ მოცემულობის, რომ თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
წითლიძეს კითხვა დაუსვეს „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „რვიანი“ აღარ არსებობს, იხილავთ დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ვერ გაეკარებიან“.
„რა მოცემულობაც ახლა გვაქვს და რა პროცესებიც ახლა განვითარდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან და შემდეგ უკვე არასამთავრობოებთან დაკავშირებით, რეალურად, საერთოდ ახალ მოცემულობას აჩენს პოლიტიკურ ველზე. ამ ახალ მოცემულობაზე უნდა იფიქრონ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორ, რა ფორმატით უნდა შედგეს თანამშრომლობა და როგორ გაგრძელდეს ეს პროცესი. „ნაციონალური მოძრაობა“ პირველები ვიყავით, ვინც ვსაუბრობდით ერთობაზე, ერთობის მნიშვნელობაზე. შესაბამისად, ერთგული ვრჩებით ამ მოცემულობის, რომ თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი. ასევე ვნახეთ, რომ იმ ადამიანების პირადი ეგოების გამო, რომლებიც ახლა მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში, ერთობა ვერ შედგა. ვიღაცას საკუთარი თავი უფრო მეტად უყვარდა ამ პროცესში, ვიდრე ერთობა, ბრძოლა, რაშიც ეს ქვეყანა 13 წელია, არის. ამიტომაც ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა იფიქრონ დემოკრატიულმა ძალებმა ამ ქვეყანაში, პოლიტიკურმა პარტიებმა და ეს თემა დღის წესრიგში, დისკუსიის ნაწილში დაბრუნდეს. კონკრეტულად საუბარი, ვინ, როგორ და რა ფორმით – ახლა არ იქნება სწორი. ერთი რაღაც უნდა ესმოდეს ყველას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პოლიტიკური პარტიების გაუქმება დგას დღის წესრიგში, არ არსებობს არანაირი მრავალი მხარე ამ ბრძოლაში, არსებობს ორი მხარე, ერთი, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის, მეორე მხარეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი. ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, უნდა იყოს სწორედ იმ მხარეს, სადაც არიან საქართველოს მოქალაქეები და პოლიტიკოსებმაც ოპოზიციურ ველზე სწორედ ამ ვალდებულებიდან გამომდინარე უნდა იბრძოლონ და მიიღონ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ანი წითლიძემ.