ანა წითლიძემ პოლიციელებსა და სამეგრელოს დელეგატობის კანდიდატის ოჯახს მიმართა - ყველა თქვენი ნაბიჯი ვიცით, თავზე დაგადგებით

ანა წითლიძე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სია წაიკითხა და განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაიწყეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი ან ეჭვი აქვთ, რომ 26 ოქტომბერს ხმას არ მისცემენ „ქართულ ოცნებას“.

ანა წითლიძემ დაასახელა პოლიციის თანამშრომლები, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, სამეგრელოს დელეგატობის კანდიდატი მამასთან ერთად.

„„ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც იცის, რომ ტოტალურად წაგებული აქვს არჩევნები ზუგდიდში, სამეგრელოში და მთელ საქართველოში, რა ინფორმაციაც გვქონდა და ვავრცელებდით მანამდე, დაიწყო პირადობის მოწმობის ჩამორთმევის პროცესი იმ ადამიანებისთვის, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი ან რომლებზეც აქვთ ეჭვი, რომ ხმას არ აძლევენ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ მსგავსი შემთხვევა გვქონდა გუშინ, როცა შევძელით, რომ 20-ზე მეტი ადამიანისთვის დაგვებრუნებინა პირადობის მოწმობა, რომლებსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და წევრებმა ეს პირადობის მოწმობები წაართვეს. ამ მხრივ განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან სოციალურად დაუცველი პირები და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს დადასტურებული სიები სოფლებისა და უბნების მიხედვით, ვის უნდა ჩამოართვან პირადობის მოწმობები და ეს სიები უკვე გადაცემული აქვთ სოფლების რწმუნებულებს. სამწუხაროდ, პროცესში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მაგრამ ამ მობილიზაციის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მაინც ვერ ახერხებს, მასობრივად წაართვას პირადობის მოწმობები მოქალაქეებს, რადგან ძალიან ბევრმა, ვისთანაც ისინი მივიდნენ, პირადობის მოწმობები არ მისცა და გააგდო. ვასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობენ პირადობის ჩამორთმევის პროცესში ზუგდიდში. ესენი არიან: ოთარ კოდუა – „ქართული ოცნების“ დელეგატის, დათო კოდუას მამა, რომელსაც ჩაბარებული აქვს მთელი ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლები; თაზო ფაცაცია, რომელიც არის ზუგდიდის საკრებულოს წევრი და აბარია დევნილთა ჩასახლებები, მათ შორის, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლება; ზაალ და პეტრე გეგეჭკორები; ზაალ გეგეჭკორი აფხაზეთის პოლიციის თანამშრომელია, პეტრე გეგეჭკორი კი სოფელ ოქტომბრის რწმუნებულია; ასევე, აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლები ზაზა გოგუა და თემურ ბოკუჩავა, რომლებსაც დავალებული აქვთ პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ახლა მინდა, ამ ადამიანებს მივმართო: ჩვენ ვიცით თქვენი გადაადგილების შესახებ, ჩვენ ვიცით ყველა თქვენი ნაბიჯი. ორი დღის წინ, როცა თავზე დაგადექით და პირადობის მოწმობების დაბრუნება მოგიწიათ, გამოჩნდა, რომ ყველა ინფორმაცია გვაქვს. იმასაც კარგად ხედავთ, რომ ბევრმა გამოგაგდოთ, როცა პირადობის მოწმობის ჩამოსართმევად მიხვედით. უნდა იცოდეთ, რომ თქვენი სახელები და გვარები ექნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, თითოეულ თქვენგანს აუცილებლად დაგადგებით თავზე, როგორც კი კიდევ ერთხელ გაბედავთ, მიხვიდეთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან, პირადობის მოწმობის ჩამოსართმევად“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

წითლიძემ ასევე მიმართა მოქალაქეებს.

„ასევე, მინდა, მივმართო სოციალურად დაუცველებს, ნებისმიერ ზუგდიდელს და შევახსენო: პირადობის მოწმობის ჩამორთმევა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ხოლო ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაიძულებთ, პირადობის მოწმობა მისცეთ, ვინც არ უნდა იყოს ის, დამნაშავეა. ამიტომ მოგვაწოდეთ ინფორმაცია, კონკრეტული პირების სახელებითა და გვარებით, გვითხარით, სად ხართ და როგორც რამდენიმე დღის წინ შევძელით, თქვენთვის დაგვებრუნებინა ჩამორთმეული პირადობის მოწმობები, ასე მოვალთ სათითაოდ და დავიცავთ თითოეულ თქვენგანს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ჰგონია, რომ პირადობის მოწმობების მასობრივი ჩამორთმევით შეძლებს, შეცვალოს არჩევნების შედეგები ზუგდიდში, სამეგრელოში და მთლიანად, საქართველოში: თქვენ არ გეყოფათ რესურსი, რომ პირადობის მოწმობები ბევრ ადამიანს ჩამოართვათ, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სანთლით არიან საძებნი ზუგდიდში და მთელ საქართველოში, თქვენ ვერ შეძლებთ, შეაშინოთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც 26 ოქტომბერს ხელისუფლებიდან თქვენი გაშვება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი. თქვენ უკვე ხართ დამარცხებული და უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან, დაისჯება უმკაცრესად, კანონის შესაბამისად“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ.