ანა ბუჩუკური უარყოფს, რომ თბილისის მერობის გაერთიანებულ კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ

ანა ბუჩუკური

ორი დღე ვადის ამოწურვამდე - არჩევნებში მონაწილეობისა და რიგითი ნომრის მინიჭების მიზნით, პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკო-ში განცხადება 17 ივლისამდე უნდა შეიტანონ.

თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს "ლელომ" და გახარიას გუნდმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერობის მათი ერთობლივი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება.

ამ ორ პარტიას ისევ მწვავედ აკრიტიკებენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ოპოზიცია გარე პროცესებზეა დამოკიდებული და რეალურ კონკურენციას გაურბის.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერობის შეთანხმებული კანდიდატი ალეკო ელისაშვილია.

"არა, რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. კანდიდატების წარდგენისთვის ჩვენ გვაქვს ვადა 4 სექტემბრამდე და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ ვადას რომ ისეთ კანდიდატები იქნას წარდგენილი და შერჩეული, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები ფართო საზოგადოებისთვის. ჩემთვის "ნაცმოს" ისტერია არის ენერგიის წყარო. რაც უფრო ბევრს იწივლებს და ისტერიას გამართავს "ნაცმოძრაობა" ამით მხოლოდ ენერგიას ვიღებ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.