ამირან სალუქვაძე: ომის და მშვიდობის თემა გერმანიის შიდა პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ თამაშდება და ამას უკრაინის ინტერესები ეწირება

ამირან სალუქვაძე

ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთთან და ომთან დამოკიდებულებაში გარკვეულ ცვლილებებს ვხედავთ, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას. მისი თქმით, G20-ის სამიტამდე იყო შოლცის განცხადება და მისი საუბარი პუტინთან.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ომის და მშვიდობის თემა გერმანიის შიდა პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ თამაშდება და ამას უკრაინის ინტერესები ეწირება.

„პუტინისა და შოლცის საუბრის დეტალები გარკვეულწილად უცნობია. ომის და მშვიდობის თემა გერმანიის შიდა პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ თამაშდება და ამას უკრაინის ინტერესები ეწირება. ჩვენ ვიხილეთ ზელენსკის უარყოფითი დამოკიდებულება, სადაც განაცხადა, რომ შოლცმა პანდორას ყუთი გახსნაო. და აი, პანდორას ყუთის გახსნის პირველი ელემენტი ვიხილეთ, როცა მაკრონი დემონსტრაციულად მივიდა ლავროვთან. ეს ჩემი შეფასება არაა, მათ შორის ფრანგულმა მედიამაც ასე აღიქვა, რომ მაკრონი დემონსტრაციულად მივიდა ლავროვთან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა ეს დემონსტრაციულად, როცა მაკრონს G20-ის მუშაობის ფორმატში შეეძლო ლავროვის ნახვა ან კულუარებში ან მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ რატომღაც ეს გააკეთა ფოტოს გადაღების დროს, რაც დაინახა მთელმა მსოფლიომ“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

ექსპერტმა საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ ამ დღეებში შეიძლება პუტინ-მაკრონის სატელეფონო საუბარი შედგეს.