1732563617
ამ წერილში თავიდან ბოლომდეა მოთხრობილი ის, რასაც საჯაროდ ვამბობთ და საზოგადოებას ნამდვილად არ ვუმალავთ - გიორგი ვაშაძე
ისევ ურთიერთბრალდებების თემაა ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილი. ოპოზიცია მათი ოპონენტების მხრიდან ჯაშუშურ ნაბიჯებზე და საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების დაზიანების მცდელობაზე საუბრობს.
განსხვავებულია შეფასებები იმ ბარიერგადალახულ პარტიებში, რომლებმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს და ევროინტეგრაციის შეჩერებაზე, პოლიტიკური დიალოგის გაყინვაზე, ყველანაირი კომუნიკაციის გაჩერებაზე და ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე მკაფიო განაცხადი მოითხოვეს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის წერილში ყველაფერი ის წერია, რასაც საჯაროდ აცხადებენ.
"ჩატარებული არჩევნები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ამ წერილში თავიდან ბოლომდეა მოთხრობილი ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვამბობთ და საზოგადოებას ნამდვილად არ ვუმალავთ. მაგალითად თუ გაინტერესებთ, ევროპული დაფინანსება უნდა წავიდეს ხალხთან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.