1735251690
ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს - კახა კალაძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე
„ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს. რეალობა არის ერთი - საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს“, - ამ განცხაადებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
თბილისის მერის თქმით, დასავლეთისგან ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ატარებს პროქართულ და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას.
„ერთი რამ სასიხარულოა, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაშიც უკვე ოფიციალურად დაწერეს, მოვუწოდებთ, რომ შევუერთდეთ სანქციებსო. ამდენი ხანი თვითონ არ საუბრობდნენ, გვერდიდან ვიღაც-ვიღაცებს ალაპარაკებდნენ, ისევე როგორც ომთან დაკავშირებით. თქვენ ხომ არ მოგისმენიათ განცხადებები ოფიციალური პირებისგან, რომ ქვეყანამ მეორე ფრონტი უნდა გახსნას. მაგრამ იქით უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი ალაპარაკეს, არასამთავრობო ორგანიზაციები ალაპარაკეს, ბომბები გვინდა, ცვიოდესო. ეს არის რეალობა და დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხელის გადაგრეხვის მეორე ნაწილსაც ალბათ სამომავლო რეზოლუციაში ჩაწერენ და საზოგადოებას ნათლად ეტყვიან, რაზე იყო საუბარი.
სანქციებს რომ მივერთებოდით, ვინ დაზიანდებოდა ამით? დაზიანდებოდა ჩვეულებრივი მოქალაქე, გლეხი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გაგვიუბედურდებოდა ეკონომიკა. რუსეთს ამით ჩვენ ვერაფერს დავაკლებდით და მოტივი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეზიანებინათ. ჩვენ ხალხმა რატომ აგვირჩია? - იმიტომ, რომ ვატარებთ პროქართულ, პრაგმატულ პოლიტიკას და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესს ვიცავთ. ხალხი იმიტომ გირჩევს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკა გაატარო, თორემ იარაღის აღებას რა უნდა? ეს ყველაზე მარტივია, აიღო იარაღი და იომო, მაგრამ სულელი ხომ არ უნდა იყო?! - მიზანიც ეს იყო, რომ თუ მივიღებდით არასწორ გადაწყვეტილებას და გავაუბედურებდით ხალხს, ხალხი ისევ ჩვენ მოგვადგებოდა და ლეგიტიმური უფლებაც ექნებოდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.