ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, გვაქვს მყარი პოზიცია და მოხარული ვიქნებით თუ ყველა გაიზიარებს ოპოზიციურ სპექტრში, არ შეიძლება ვისაუბროთ საარჩევნო პროცესზე, ეს იქნება თავის მოტყუება - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრი ორად გაიყო - "ნაციონალური მოძრაობა" პლატფორმისგან კვლავ განზე დგას, ხოლო "ლელო-ძლიერი საქართველო" სხვა პარტიებთან ერთად განაგრძობს ექს-პრეზიდენტთან კოორდინაციაში ყოფნას.

ნაწილის პოზიციაა, რომ ამ პირობებში საარჩევნო პროცესზე საუბარი თავის მოტყუებაა, ნაწილი კი თვლის, რომ შესაძლებლობა არსებობს არჩევნები ერთობლივად ჩაინიშნოს.

ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც გააჟღერა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს. გარდა ამისა, მან ხელისუფლებაზე გამარჯვებისთვის დასახულ სამ კომპონენტზეც ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა - საზოგადოების ერთობა, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნება. ოპოზიციის მიზნები და გეგემები მიუღებელია უმრავლესობისთვის.

"ის, რასაც ქალბატონი სალომე აცხადებს და მისი პლატფორმის ფარგლებში აანონსებს, მისი კომპეტენციაა და ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, ცნობილი არის ყველასთვის, ამიტომაც, ამ გეგმების შესახებ უნდა ესაუბროთ ქალბატონ სალომეს, ჩვენ სხვის შესახებ ვერ გეტყვით რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს.

რაც შეეხება ადგილობრივი არჩევნების თემას, გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია და მოხარული ვიქნებით თუ ყველა გაიზიარებს ოპოზიციურ სპექტრში, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში, სადაც დიქტატურა მყარდება და ფაქტობრივად დამყარებულია უკვე, ვისაუბროთ საარჩევნო პროცესზე, ეს იქნება თავის მოტყუება", - აცხადებს  პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.