აბსურდული საჩივრებია, ზოგიერთი ორგანიზაცია ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის ატეხას, თან ვინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რა ტიპის დარღვევებს ეხება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები.

პაპუაშვილის თქმით, საჩივრები შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და წინასაარჩევნო აგიტაციის წესების შესაძლო დარღვევას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად „ფეისბუქპოსტებს არიან დადარაჯებული“ და მათი მიზანია, დარღვევებთან დაკავშირებით რამენაირად სტატისტიკა შექმნან.

„წარმოგიდგენთ მონაცემებს, რომლებიც შეეხება დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში შესულ საჩივრებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბოლო პერიოდში ხშირად გსმენიათ აპელირება, თითქოს ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში ამ მხრივ საკმაოდ პოზიტიური შეფასებები იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გახშირდა მცდელობა, შექმნან საინფორმაციო ხმაური, რათა შეიქმნას აღქმა, თითქოს საქმე გვაქვს ამ ტიპის მნიშვნელოვან დარღვევებთან.

სინამდვილეში, თუ ვნახავთ, რა საჩივრებია შესული საარჩევნო კომისიაში, აღმოაჩენთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით ჯამში შესული არის 53 საჩივარი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები არ ესწრებიან უწყებათაშორის კომისიას და არ მიმართავენ უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც ასევე შეუძლია ასეთი საკითხების გარკვევა.

53 საჩივარი არის შესული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. საჩივრები არ არის პარტიების მხრიდან, თუმცა პარტიებსაც თუ მივათვლით ამ საერთო რაოდენობას, ჯამში 90-ს არ ცდება. 53 საჩივრიდან, რომლებიც ადგილობრივ დამკვირვებლებს აქვთ შეტანილი, 39 ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს, ხოლო 14 წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესის დარღვევას. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს, 39-დან 32 არის „ფეისბუქის“ პოსტებთან დაკავშირებით საჩივრები. წინასაარჩევნო აგიტაციას რაც შეეხება, აქაც 14-დან შვიდი შეეხება საარჩევნო კომისიის წევრების ფეისბუქპოსტებს.

როგორც ჩანს, ძირითადი, რითაც დაკავებული არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები, არის ის, რომ დადარაჯებული არიან ფეისბუქპოსტებს. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ერთ-ერთ სავარაუდო დარღვევად მითითებული აქვთ ხოლმე დეპუტატების თუ დელეგატების მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში.

შევხედოთ, სინამდვილეში რა ხდება ამ დარღვევების მხრივ, განსაკუთრებით რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო დარღვევად მითითებული აქვთ ხოლმე დეპუტატების თუ დელეგატების მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი, რათა დავრწმუნდეთ, რამდენად აბსურდულია მათი მიდგომა და, სინამდვილეში, ემსახურება ერთადერთ რამეს, რამენაირად სტატისტიკა შექმნან.

პირველი გახლავთ „ფეისბუქ“ პოსტები. როგორც ვთქვი, 53-დან 32 საჩივარი შეეხება ფეისბუქ პოსტებს, სადაც, მათი მტკიცებით, არის საარჩევნო აგიტაცია. ჩვენ გადავხედეთ, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში. მაგალითად, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი აზიარებს კონცერტის შესახებ ანონსს, რომელიც, მართალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის არის, მაგრამ კონცერტთან დაკავშირებულია. მნიშვნელოვანი არის დრო – ხუთი საათი და 54 წუთი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები აპელირებენ სამუშაო დროის შეზღუდვით . ექვსი წუთია დარჩენილი სამუშაო დროის დასრულებამდე და ეს ექვსი წუთი მათთვის, როგორც ჩანს, ძალიან რელევანტური საკითხია და ეს ყოფილა გადამწყვეტი ადმინისტრაციული რესურსის მხრივ;

აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი საჩივრები ეხება, მათ შორის, მაგალითად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სადაც, ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერია არის, შესაბამისად გაზიარებული იყო იქ. როგორც ჩანს, მათ შორის, საჩივარი არის მის წინააღმდეგ, თუმცა, იმის თქმა გვინდა, რომ, სინამდვილეში, 53 საჩივრიდან 32 ეხება ასეთ წვრილმანებს. ანუ, არ არის რაიმე აგიტაცია, მოწოდებები და ასე შემდეგ, არის კონცერტი და კონცერტის ანონსია ძირითადად, რაც ვნახეთ ამ საჩივრებთან დაკავშირებით;

შემდეგი ტიპის დარღვევა ეხება სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას. მაგალითისთვის მივყვეთ, რას მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთ დარღვევებად. მაგალითი გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის საჩივარი“, რომელიც ეხება ასპინძის რაიონში, სოფელ რუსთავში ჩატარებულ ღონისძიებას, „შოთაობა-2024“-ს, რომელსაც ესწრებოდა პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი. არანაირ აგიტაციაზე არ მიუთითებენ, არანაირ მოწოდებებზე – ესწრებოდა. ის ნამდვილად ესწრებოდა. ყველას შევახსენებ, რომ ანტონ ობოლაშვილი გახლავთ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი. არათუ ამ ღონისძიებას ესწრებოდა წელს, იმავე ღონისძიებას ესწრებოდა შარშანაც, შარშან წინაც და თუ უფრო მეტიც, შეგიძლიათ შეხვიდეთ მის ფეისბუქ გვერდზე და ნახავთ, რომ ბევრ ღონისძიებას ესწრება თავის სამაჟორიტარო ოლქში. ეს გახლავთ, მათ შორის, მაჟორიტარების ამოცანა და ფუნქცია, კონტაქტი ჰქონდეთ მოქალაქეებთან თავის სამაჟორიტარო ოლქში. ზუსტად ეს არის მაჟორიტარების ამოცანა, დაესწრონ ასეთ ღონისძიებებს. რაც მთავარია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ვერც კი ამტკიცებს, რომ რაიმე აგიტაციას ჰქონდა იქ ადგილი, რაიმე პარტიულ აგიტაციას. ესწრებოდა მაჟორიტარი დეპუტატი ღონისძიებას თავის სამაჟორიტარო ოლქში. რა თქმა უნდა, ეს საჩივარი აბსურდულია;

მეორე – ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის თემში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის იყო გახსნა სპორტული დარბაზის, რომელსაც, მათი მტკიცებით, ესწრებოდა ანზორ ბოლქვაძე, კანდიდატი, რომელიც გახლავთ მაჟორიტარი დეპუტატი ხულოს რაიონიდან. შესაბამისად, არათუ ამას, არამედ სხვა ღონისძიებებსაც ესწრება. ეს 29 სექტემბრის ღონისძიება არის, სადაც სპორტული დარბაზი გაიხსნა და მართლაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რატომღაც გამორჩათ, რომ ბატონი ანზორი 21 ოქტომბერს, როცა სტიქია და ძლიერი თოვლი იყო ხულოს რაიონში, იქაც ესწრებოდა, აკვირდებოდა, მონაწილეობდა, მათ შორის სტიქიის შემდეგ გამოწვეული ზიანის აღმოფხვრის პროცესებში. ეს არის მაჟორიტარის ვალდებულება, თავის სამაჟორიტარო ოლქში იყოს ჩართული როგორც სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობით, ისე მაშინ, როცა გარკვეული პრობლემებია. როგორც ჩანს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ან ვერ ერკვევა, რას ნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატი, ან სურვილი აქვთ, სხვადასხვა დარღვევების სტატისტიკა შექმნან;

მესამე – „გორის დღე 2024“, რომელსაც ესწრებოდა, გაგიკვირდებათ და გენო პეტრიაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ორი თვის წინ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, გორელი ადამიანი. თურმე მათთვის პრობლემა არის, რომ ესწრება. არ მიუთითებენ, რომ რაიმე აგიტაცია ჩატარდა ამ დღეობაზე. თურმე მათთვის აგიტაციად ითვლება ის, რომ გენო პეტრიაშვილი, ჩვენი საამაყო ოლიმპიელი თავის თანაქალაქელებთან ერთად იყო. ასევე საინტერესოა მითითება, ჩანს, რომ გამოყენებული იყო სიმბოლიკაო. დიდი ხანი ვეძებეთ, სად იყო ეს სიმბოლიკა, გვაინტერესებდა, მაისურები ხომ არ ეცვათ ან რაღაცები დარიგდა. მართლაც მივაკვლიეთ ფოტოს, სადაც თურმე სიმბოლიკა ყოფილა გამოყენებული, რასაც გულისხმობენ. ხალხის უკან ფონზე ჩანს ბილბორდი, რომელიც ქალაქში ჩვეულებრივად არის გამოფენილი და ფონში ფოტოშია მოხვედრილი ბილბორდი. რთულია, შეამჩნიოთ, თავდაპირველად ჩვენც გაგვიჭირდა, მოგვეძებნა. ამას უთითებენ, როგორც ღონისძიების დროს პარტიული სიმბოლიკის გამოყენებას. თუკი ფიქრობენ, რომ ქალაქი უნდა გადაკეთდეს იმის გამო, რომ კმაყოფილი იყოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ეს არ ვიცი, შეიძლება მათი მოლოდინი ეს არის;

კიდევ ერთი საკითხი ეხება ბათუმში ხელვაჩაურის რაიონში ჩატარებულ ღონისძიებას, რომელსაც ესწრებოდა არჩილ ბერიძე. არც ამ საჩივარში წერია, რომ რაიმე აგიტაცია აქვს ჩატარებული. ესწრებოდა ადამიანი, რომელიც ჩვენი პარტიული სიის წევრი და დელეგატია ბათუმიდან. განსაკუთრებით საინტერესო არის, როგორ ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რა არის მიზანი, რომ მოხდეს არჩილ ბერიძის პოპულარიზაცია? არ მგონია, აჩიკო ბერიძეს ჭირდებოდეს პოპულარიზაცია ან წარდგენა მთლიან საქართველოში, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ აჭარაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის შეფასებით, საარჩევნო კომისიაში აბსურდული საჩივრებია შესული.

„ასეთი აბსურდული საჩივრები არის. რაც შეეხება მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, რასაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეძახიან, შეგახსენებთ, რომ სულ რვა შემთხვევაა მათი მხრიდან გასაჩივრებული. ეს შემთხვევები არის ზუსტად, სადაც ვერც კი ამტკიცებენ, რომ რაიმე აგიტაცია მიმდინარეობს.ადამიანი, ოლიმპიური ჩემპიონი, თავის ქალაქში, თავის ქალაქის დღეობას რომ ესწრება, თურმე ეს არის პრობლემა. ის, რომ მაჟორიტარი დეპუტატი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებებში თავის მაჟორიტარულ ოლქში, ეს ჰგონიათ თვითონ პრობლემა. ამიტომ, ესეც აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, არანაირი ხელმოსაკიდი  დარღვევები მათ არ აქვთ. სხვათა შორის, თუ შევხედავთ, მათ შორის ამ ფეისბუქ პოსტებთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, სულ 32 შემთხვევა აქვთ დაფიქსირებული, სადაც ან ვიღაცას კონცერტის ანონსი უდევს, ან სხვა მსგავსი არასააგიტაციო საკითხი. დიდი ტექსტები და მოწოდებები დაფიქსირებული არ აქვთ, რაც არის სულ 32 შემთხვევა. შეგახსენებთ, ჩვენ გვყავს 45 000 საჯარო მოხელე და 45 000 საჯარო მოხელიდან ბოლო თვეების განმავლობაში, რაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ორი თვე, სულ 32 შემთხვევა აღმოაჩინეს, რომელზეც აქვთ პრობლემა, რაც საჯარო მოხელეების 0.07 %-ს წარმოადგენს. თავის მხრივ, კიდევ პრობლემურია, რამდენად არის დარღვევა, ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობენ, თითქოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება და ამას რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, საჯარო მოხელეების 0.07 % არის, რომელზეც საჩივარი აქვთ დაწერილი. სხვათა შორის, რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებები არ არის მიღებული, გარკვეულ შემთხვევებში დაკმაყოფილებული არ არის, ასე რომ ეს ჯერ კიდევ დასადგენია, რაიმე დარღვევა იყო თუ არა.

მეორე ტიპის დარღვევა ასევე შეეხებოდა საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან სოციალურ მედიაში აქტივობას. შვიდი ასეთი შემთხვევა არის გასაჩივრებული მათი მხრიდან. თუ შევხედავთ, ჯამში არის 53 000 კომისიის წევრი. შესაბამისად, შვიდი შემთხვევა არის კომისიის წევრების 0.02 %. ზუსტად ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა, რასაც დღეს ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცდილობს, თან ვინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად. შეგახსენებთ, რომ ეს დადასტურდა, მათ შორის სასამართლოს მხრიდანაც, რომ მათ აქვთ საარჩევნო მიზანი და რომელ ორგანიზაციას, რომელსაც სულ ახლახან, 20 ოქტომბერს უცხოური ფულით დააორგანიზეს საარჩევნო ღონისძიება, პარტიული ღონისძიება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. თავად არღვევენ და შემდეგ ცდილობენ, სხვას დააბრალონ დარღვევები და რა დროს, როდესაც ჩვენ მიმართ არსებულ დარღვევებზე ან ჩუმად არიან, ან პირიქით, დარღვევას უჭერენ მხარს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიმართ დარღვევებზე არასამთავრობო ორგანიზაციები არაფერს ამბობენ ან დარღვევებს თავადაც უჭერენ მხარს.

„შეგახსენებთ, დღემდე უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო იბლოკება ჩვენთვის „ლოლოს“ კუთვნილ  „ტვ პირველში“, კეზერაშვილის კუთვნილ „ფორმულაში“ და გვარამიას კუთვნილ „მთავარ არხში“. ხუთ საათზე მეტი უფასო სარეკლამო დრო დაიბლოკა და ამაზე ადგილობრივი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც, უკვე ყველანაირად ჩანს, რომ ყალბი ანგარიშების გამოქვეყნებისთვის ემზადებიან, ამაზე დუმან. ასევე, გახსოვთ საარჩევნო ბილბორდების დაზიანება ქუთაისში და გონიოში, რომელზეც ასევე დუმან. საარჩევნო პლაკატების დაზიანება გორში, ხარაგაულში, თბილისში, ზუგდიდში, რომელზეც ასევე დუმან. საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლა ქუთაისში, ზუგდიდში, ხარაგაულში. ამაზეც დუმან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ზოგიერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ე.წ. ორგანიზაციას აქვთ საარჩევნო მიზანი, რაც ძალიან კარგად დავინახეთ, მათ შორის, 20 ოქტომბერს. ესეც გახლავთ საარჩევნო დარღვევა, როდესაც 20 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში უცხოური ფულით ღიად მოხდა საარჩევნო ღონისძიების ჩატარება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს საზოგადოებამ, ვისი ფული იყო, როგორ დაიხარჯა და ასე შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.