29 აპრილის შეკრებაზე იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, რამხელაა მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიმართ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

29 აპრილის შეკრება როგორც კი დაანონსდა, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ, რომ ასი ათასი საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. საჯარო მოხელეების რაოდენობა რამდენია, ესეც არ იციან, აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, რამხელაა მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდამჭერებს შეურაცხყოფას არ აყენებს და ამასვე ითხოვს მათგან.

„ოპოზიციის აქციებზე დგანა კეზერაშვილისა და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, დაახლოებით ნახევარზე მეტი არიან დაფინანსებულები. ახალგაზრდების ნაწილიც არის დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. ამას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. აქვს ადამიანს არჩევანი და რაც უნდა, გააპროტესტოს, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ არ გვიკადრებია ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფა, არც გულწრფელად გამოსულებისთვის და არც  – პარტაქტივისთვის. 9 500-დან მესამედი იყო პარტაქტივი და 1000-1500 კაცი –  გულწრფელი ადამიანი“, – განაცხადა კობახიძემ.