1757870206
2024 წელს ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა და აღარ უნდოდა, კიდევ ერთხელ გამხდარიყო ბულინგის მსხვერპლი - ირაკლი ქადაგიშვილი

უთო/ოდირის საპასუხო წერილი "კურიერს" და ინფორმაცია, რომელიც მისიამ ოფიციალურად დაადასტურა - ჩეხეთში 3 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ორგანიზაციამ პრაღიდან მიწვევა 2 სექტემბერს მიიღო.
მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ სვამენ კითხვას, როგორ ასწრებს ეუთო/ოდირი დაკვირვების მიზნით ჩეხეთში ჩასვლას, მაშინ როდესაც, ფაქტობრივად დროის იგივე პერიოდში, საქართველოში მისიის გაგზავნაზე უარის მიზეზად ვადებს ასახელებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უარს სავარაუდოდ სხვა საბაბი აქვს. მისია, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე დადებული დასკვნის გამო გარე თუ შიდა ძალების ზეწოლის ობიექტი იყო, ახლა მორიგი წნეხის თავიდან არიდებას ცდილობს. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა.
"ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა, გარკვეული ევროპული წრეებისა და ჩინოვნიკების მხრიდან. მან დაწერა ობიექტური დასკვნა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
მას აღარ უნდოდა, კიდევ ერთხელ, გამხდარიყო ბულინგის მსხვერპლი, იმიტომ, რომ იცოდა, ამ არჩევნებზეც მოუწევდა ობიექტური, ანუ დადებითი შეფასების დადება. მან თავი აარიდა პოლიტიკურ ზეწოლას. იციან, რომ არჩევნები აქ ტარდება ობიექტურად, ამიტომ, აქედან გამომდინარე, არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ჩამოსულიყვნენ დამკვირვებლებად", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.