რუსეთმა ხერსონის ბავშვთა საავადმყოფოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, დაშავებულია ცხრა პირი, მათ შორის ოთხი ბავშვი

რუსეთმა ხერსონის ბავშვთა საავადმყოფოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა

რუსეთის ძალებმა ხერსონის ბავშვთა საავადმყოფოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვი და სამი მედმუშაკია. საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი მძიმე მდგომარეობაშია და ოპერაცია უტარდება.

ხერსონის საოლქო პროკურატურის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საარტილერიო ცეცხლის ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 09:20 საათზე გახსნეს, როდესაც საავადმყოფოში პაციენტები, მათი მშობლები და თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი დაშავებული 9 წლის გოგონაა.

სამედიცინო დაწესებულების შენობა დაზიანებულია, ნაწილობრივ ჩამოინგრა კედლები, ჩამსხვრეულია ფანჯრები. აფეთქების ტალღამ ახლომდებარე ნაგებობებიც დააზიანა.

„უკრაინელი მედიკოსები როდესაც ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის იბრძვიან, რუსეთის არმიას ამ სიცოცხლის წართმევა სურს“, – ნათქვამია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.