ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში გუშინ გამართული შეხვედრის დროს გოლფის ჯოხი აჩუქა, რომელიც მას უკრაინელმა სამხედრომ გადასცა

ზელენსკი და ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში გუშინ გამართული შეხვედრის დროს გოლფის ჯოხი აჩუქა, რომელიც მას უკრაინელმა სამხედრომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსმა სერჟანტმა, კონსტანტინ კარტავცემა გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს.

ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ კარტავცევმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ თვეებში ფეხი დაკარგა თანამებრძოლების გადარჩენის დროს.

პრეზიდენტის თქმით, გოლფი უმცროსი სერჟანტის რეაბილიტაციის ნაწილი გახდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ასევე კარტავცევის ვიდეომიმართვა აჩვენა, რომელშიც უკრაინელი სამხედრო სთხოვს აშშ-ის ლიდერს უკრაინაში ომის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით დასრულებას დაეხმაროს.

პრეზიდენტმა ტრამპმა საჩუქარი მიიღო და პასუხად ჩაწერა ვიდეო, რომელშიც უკრაინელ ჯარისკაცს მადლობას უხდის.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს თეთრი სახლის სიმბოლური გასაღები აჩუქა.