სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ჩვენ გვჭირდება დონალდ ტრამპის მკაფიო პოზიცია. დარწმუნებული ვარ, აშშ-ის პრეზიდენტი საკმარისად ძლიერია, რომ პუტინს მისი ეშინოდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევდა თუ არა შეცდომად რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ალასკაში გამართულ შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ შეხვედრამ პუტინს „ბევრი რამ მისცა“.
„ვფიქრობ, მან ბევრი რამ მისცა პუტინს. მე მჯერა, რომ სამმხრივი შეხვედრის შემთხვევაში გარკვეულ შედეგს მივიღებდით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კითხვაზე, ცდილობს თუ არა პუტინი ტრამპის მოტყუებას, უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ალასკის სამიტით „პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლა სურდა“.
„პუტინს ეს ომი უნდა შეეჩერებინა, მაგრამ ამის ნაცვლად, ის იზოლაციიდან გამოვიდა. მან პრეზიდენტ ტრამპთან ფოტოები გადაიღო, საჯარო დიალოგი ჰქონდა და ვფიქრობ, ეს პუტინს სხვა სამიტებისკენ უხსნის კარს. არ მგონია, რომ მან ამისთვის რაიმე საფასური გადაიხადა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინს ასეთი სივრცე არ მივცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ომის შეჩერების საჭიროებას ვერ იგრძნობს“.
„პუტინმა ბევრი ენა არ იცის, მაგრამ ძალის ენა ისევე კარგად ესმის, როგორც რუსული, მისი მშობლიური ენა. პუტინს მხოლოდ ძალა ესმის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, დაიკავოს „მკაფიო პოზიცია“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რათა შეაჩეროს ვლადიმერ პუტინი და დაასრულოს ომი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საბრძოლო მოქმედებების შეჩერების ერთადერთი გზა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაა.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კვირაში, დიდ ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ვიზიტს დროს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი საკითხს აშშ-ის პრეზიდენტთან დეტალურად განიხილავს.
„ვიდრე ომს დავასრულებთ, ნამდვილად მინდა, რომ ყველა შეთანხმება იყოს მიღწეული, გვქონდეს დოკუმენტი, რომელსაც შეერთებული შტატები და ყველა ევროპელი პარტნიორი დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია. მჯერა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია, საჰაერო თავდაცვის სისტემები საკმარისი რაოდენობით მოგვაწოდოს. დარწმუნებული ვარ, აშშ-ს შეუძლია საკმარისი სანქციების გამოყენება რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად და დონალდ ტრამპი საკმარისად ძლიერია, რომ პუტინს მისი ეშინოდეს“, – თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს წევრ ქვეყნებში დრონების გაშვებით პუტინი ევროპას რამდენიმე სიგნალს უგზავნის. კერძოდ, პუტინი ცდილობს, ნატო გამოსცადოს და ნახოს, როგორი რეაგირების უნარი აქვს ალიანსს.
„პუტინს სურს ნახოს, რისთვის არის მზად ნატო, რისი უნარი აქვს როგორც დიპლომატიურად, ასევე პოლიტიკურად და როგორ რეაგირებს ამაზე ადგილობრივი მოსახლეობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პუტინის კიდევ ერთი სიგნალი ის არის, რომ უმჯობესია ევროპამ საჰაერო თავდაცვის სისტემები შეინახოს, ვიდრე უკრაინას გადასცეს.
„გარდა ამისა, ჩემი აზრით, კიდევ ერთი სიგნალი, რომელსაც ისინი აგზავნიან, არის შემდეგი: „არ გაბედოთ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რადგან შეიძლება, ისინი თავად დაგჭირდეთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.