თბილისის საქალაქო სასამართლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1756205784
ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლესთან ლიეტუვის ახალი სამთავრობო კოალიციის წინააღმდეგ დემონსტრაცია იმართება. დემონსტრანტები ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას პრორუსულ ჯგუფებთან ალიანსში სდებენ ბრალს.
საპროტესტო აქცია სახელწოდებით „სირცხვილის დღე“ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ერთი დღით ადრე სოციალ-დემოკრატებმა ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ კოალიციური შეთანხმება გააფორმეს პოპულისტურ პარტია „ნემანის განთიადთან“, ლიეტუველი ფერმერებისა და მწვანეების კავშირთან და პრორუსული განწყობებით ცნობილ „ქრისტიანული ოჯახების ალიანსთან“.
დემონსტრაციის მონაწილეთა ნაწილს ხელში უკავიათ ბანერები წარწერებით „სირცხვილი ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“, „არა პრორუსულ მთავრობას“.
მედიასთან საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ანდრიუს ტაპინასი აკრიტიკებს კოალიციას ისეთ კანონმდებლებთან გაერთიანების გამო, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სანქციებს ეწინააღმდეგებიან. დემონსტრაციის ორგანიზატორებმა პრეზიდენტს წარუდგინეს პეტიცია, სადაც აცხადებენ, რომ ახალი მმართველი კოალიცია საფრთხეს უქმნის ლიეტუვის სახელმწიფოებრიობას და რეპუტაციას, მოუწოდებენ პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, არ დაამტკიცოს მინისტრები პარტიიდან „ნემანის განთიადი“ და „ქრისტიანი ოჯახების ალიანსიდან“.
ლიეტუვაში ახალი კოალიციის ფორმირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ივლისში პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გადადგა თავისი ბიზნესკავშირების შესახებ სკანდალის გამო. პალუცკასის შემცვლელად „სოციალ-დემოკრატებმა“ სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრი ინგა რუგინენე წარადგინეს.