1758051983
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი კრიპტოვალუტას, ბანკებსა და ენერგეტიკას შეეხება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინემა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსეთს წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი კრიპტოვალუტას, ბანკებსა და ენერგეტიკას შეეხება.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია სანქციების ახალ პაკეტს მალე წარადგენს. როგორც მან აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.
„მქონდა კარგი სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის დამატებითი ზომებით ჩვენი საერთო ძალისხმევის გაძლიერების თაობაზე. კომისია მალე წარადგენს სანქციათა მე-19 პაკეტს, რომელიც კრიპტოვალუტას, ბანკებსა და ენერგეტიკას შეეხება. რუსეთის სამხედრო ეკონომიკა, რომელსაც ზურგს უმაგრებს წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლები, უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს. ამის დასასრულებლად კომისია გამოვა წინადადებით, დააჩქაროს ეტაპობრივი უარი რუსულ წიაღისეულ საწვავზე“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.